მე ორ სფეროში ვსაქმიანობ: ვაკეთებ მობილურ კომპიუტერებს და ვსწავლობ ადამიანის ტვინს. და დღევანდელი ჩემი მოხსენება შეეხება ადამიანის ტვინს, ჰუჰ, აქ ვიღაც ტვინის ფანი ყოფილა . (სიცილი) გაჩვენებთ ჩემს პირველ სლაიდს და თქვენ ნახავთ ჩემი მოხსენების სათაურს და ჩემს ორ საქმიანობის სფეროს. მოკლედ, მინდა ვისაუბრო, თუ რატომ არ გვაქვს ტვინის ნორმალური თეორია, რატომ არის აუცილებელი, რომ განვავითაროთ ასეთი თეორია და რა უნდა გავაკეთოთ ამ სფეროში. ვეცდები ეს ყველაფერი 20 წუთში მოგახსენოთ. მე ორ ორგანიზაციას მივეკუთვნები უმეტესობა მიცნობთ Palm-დან და Handspring-დან, მაგრამ მე ასევე ვხელმძღვანელობ არაკომერციულ სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტს, რომელსაც ჰქვია Redwood Neuroscience Institute მენლო პარკში, და ჩვენ ვსწავლობთ თეორიულ ნეირომეცნიერებას, და ვსწავლობთ, თუ როგორ მუშაობს ნეოკორტექსი. ახლა ამის შესახებ ვაპირებ საუბარს.
აქ ერთი სლაიდი მაქვს ჩემს მეორე ცხოვრებაზე, კომპიუტერულ ცხოვრებაზე. ეს არის რამდენიმე ის პროდუქტი, რომლებზეც ვმუშაობდი ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაწყებული პირველი თაობის ლეპტოპით დამთავრებული პირველი პლანშეტური კომპიუტერით და ა.შ. სულ ბოლოს აღმოვჩნდი Treo-ში, და ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი რამეების კეთებას. მე ვაკეთებ ამას, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ მობილური კომპიუტერები არის პერსონალური კომპიუტერების მომავალი, და ვცდილობ, რომ ამ საგნებზე მუშაობით ეს სამყარო გავხადო თუნდაც ცოტათი უკეთესი. თუმცა ყველაფერი ეს, უნდა ვაღიარო, რომ შემთხვევითობა იყო. მე სინამდვილეში არ მინდოდა გამეკეთებინა რომელიმე ეს პროდუქტი და ჩემი კარიერის ძალიან ადრეულ ეტაპზე მე გადავწყვიტე, რომ არ ვიქნებოდი ჩაბმული კომპიუტერულ ინდუსტრიაში.
სანამ ამაზე მოგახსენებთ, მინდა ესეც გითხრათ: მოკლედ, აქ მაქვს გრაფიტის პატარა სურათი, რომელიც ინტერნეტიდან ავიღე რამდენიმე დღის წინ. ვეძებდი მცირე ტექსტის შემყვანი ენის ვიზუალურ სურათს, რომელსაც გრაფიტი ჰქვია და ვიპოვე მასწავლებლების ვებსაიტი, რომლებსაც ამის გაკეთება უნდათ, ანუ ამგვარი ხელნაწერის ამომცნობი რაღაცის დამატება დაფის ზედა ნაწილში, და მათ ამისთვის გრაფიტი გამოიყენეს, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.
მოკლედ, როცა ვიყავი ახალგაზრდა და დავამთავრე ინჟინერიის სკოლა, კორნელში 1979 წელს, გადავწყვიტე, რომ მემუშავა "ინტელში". მე უკვე სამი თვე ვიყავი ჩაბმული კომპიუტერულ ინდუსტრიაში და უცბად შემიყვარდა სრულიად სხვა რამ და ვთქვი, რომ "მე გავაკეთე არასწორი კარიერული არჩევანი," მე შემიყვარდა ტვინები. ეს ნამდვილი ტვინი არ არის. სურათია, ხაზებით დახატული. ზუსტად არ მახსოვს, როგორ მოხდა მაგრამ ერთი მოგონება მაქვს, რომელიც გონებაში მყარად აღმებეჭდა. 1979 წლის სექტემბეში, ჟურნალ "Scientific American"-ის ახალი ნომერი გამოვიდა, რომელიც მთლიანად ეძღვენებოდა ტვინის თემას. მართლა კარგი ნომერი იყო. უფრო სწორედ, ამ ჟურნალის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნომერი. და ისინი საუბრობდნენ ნეირონზე განვითარებაზე, დაავადებაზე, ხედვასა და ყველა იმ საკითხზე რაც შეიძლება რომ გაინტერესებდეთ ტვინების შესახებ. ეს ყველაფერი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
ვიღაცას შეიძლება შეჰქმნოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტვინების შესახებ ბევრი რამ ვიცით. ერთ-ერთი სტატია იმ ნომერში იყო ფრენსის კრიკის, დნმ-ის აღმომჩენის. დღეს, როგორც ვიცი, დნმ-ის აღმოჩენის 50-ე წლისთავია. და ის წერდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი და გასაგებია, მაგრამ იცით რა, ჩვენ სინამდვილეში არაფერი ვიცით ტვინების შესახებ და არავის წარმოდგენაც არ აქვს, თუ როგორ მუშაობენ ისინი, ამიტომ არ დაიჯეროთ, ამ საკითხზე რასაც გეტყვიან. აი, ციტატა იმ სტატიიდან. იგი ამბობდა, "რაც მხედველობიდან აშკარად გვაკლია," ის ნამდვილი ბრიტანელი ჯენტლმენია, "რაც მხედველობიდან აშკარად გვაკლია, არის ფართო ჩარჩო იდეებისა, რითაც შევძლებდით ამ სხვადასხვა მიდგომების ინტერპრეტირებას." მე ვიფიქრე, რომ სიტყვა "ჩარჩო" მართლაც დიდებული იყო. მან ის კი არ თქვა, ჩვენ თეორიაც კი არ გვაქვსო. მან თქვა, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორ დავიწყოთ ამაზე ფიქრიო - ჩვენ ჩარჩოც კი არ გვაქვსო. ჩვენ პრე-პარადიგმულ პერიოდში ვართ, თუ ტომას კუნის ლექსიკონს გამოვიყენებთ. მოკლედ, მე შემიყვარდა ეს ყველაფერი და ვთქვი, რომ თუ ამდენი ცოდნა გვაქვს ტვინებზე, რატომ უნდა იყოს ჩარჩოს შემუშავება რთული? ეს ის არის, რაზეც შეიძლება ვიმუშავოთ მთელი ცხოვრების მანძილზე. ვგრძნობდი, რომ შემეძლო გარდატეხა შემეტანა და ვეცადე, რომ გამოვსულიყავი კომპიუტერების ბიზნესიდან და შევსულიყავი ტვინის ბიზნესში.
პირველად, მე მივედი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც იყო ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია და ვუთხარი, რომ მე მინდა ჭკვიანი მანქანების შექმნაც. და ამისათვის თავპირველად უნდა შევისწავლო, თუ როგორ მუშაობს ტვინები. მათ მითხრეს, რომ უჰ, ამის გაკეთება არ გჭირდებაო. ჩვენ უბრალოდ გვინდა კომპიუტერების დაპროგრამირება, სულ ეს არის, რაც გვინდაო. და მე ვუთხარი, რომ არა, თქვენ აუცილებლად უნდა შეისწავლოთ ტვინები. მათ მითხრეს, რომ ვცდები. მე ვუთხარი, რომ მე კი არ ვცდები, თქვენ ცდებით-მეთქი და არაფერი გამოვიდა.
ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი - საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მაინც უკან დავბრუნდი რამდენიმე წლის შემდეგ, ამჯერად კალიფორნიაში, ბერკლიში. და ვთქვი, რომ ამ ყველაფერს მივუდგებოდი ბიოლოგიის კუთხიდან. დავიცავი სადოქტორო ბიოფიზიკაში და ყველაფერი კარგად მიდიოდა: ვსწავლობდი ტვინებს... მაგრამ შემდეგ ვთქვი, რომ მინდოდა მესწავლა თეორია. მათ მითხრეს, რომ ოჰ, არა, შენ ვერ შეისწავლი თეორიას ტვინების შესახებო. ამისთვის დაფინანსებას ვერ მიიღებო. და როგორც სადოქტოროს სტუდენტი, ამას ვერ იზამო. დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ ვთქვი, რომ ამ სფეროში გარდატეხის შეტანა შემიძლია-მეთქი. ავდექი და დავბრუნდი კომპიუტერულ ინდუსტრიაში და ვთქვი, რომ აქ ვიმუშავებდი რამდენიმე ხნის მანძილზე. ასე გავაკეთე ეს კომპიუტერული პროდუქტები.
ვთქვი, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებდი ოთხი წლის მანძილზე, გარკვეულ თანხას დავაგროვებდი, რადგან მყავდა ოჯახი, მოვმწიფდებოდი, და შესაძლოა ამასობაში ნეირომეცნიერების ბიზნესიც მომწიფებულიყო. სინამდვილეში, ამ ყველაფერში 4 წელზე მეტი დრო გავიდა, დაახლოებით 16 წელი. მაგრამ ტვინებზე უკვე ახლა ვმუშაობ, რაზეც უნდა მოგიყვეთ კიდეც. რატომ უნდა გვქონდეს ტვინების კარგი თეორია? არის ბევრი მიზეზია, რატომაც ადამიანები მისდევენ მეცნიერებას. პირველი და ყველაზე მთავარი, რომ ადამიანებს უყვართ რაღაცების ცოდნა. ჩვენ ვართ ცნობისმოყვარენი, გავდივართ და ვღებულობთ ცოდნას. რატომ ვსწავლობთ ჭიანჭველებს? იმიტომ, რომ საინტერესოა. შეიძლება აქედან რამე პრაქტიკულიც ვისწავლოთ, მაგრამ ეს ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია. ხანდახან, მეცნიერებას აქვს სხვა მხარეებიც რაც ხდის მას ძალიან, ძალიან საინტერესოს.
ხანდახან მეცნიერება შეიძლება იყოს რაღაც ჩვენ შესახებ, გვითხრას, თუ ვინ ვართ ჩვენ. მაგრამ იშვიათად; ეს შეძლო ევოლუციამ და კოპერნიკმა, მოგვცეს ჩვენი საკუთარი თავის ახალი გაგება. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ყველანი ვართ ტვინები. ჩემი ტვინი ესაუბრება თქვენს ტვინს. ჩვენი სხეულები აქეთ-იქით დაბოდიალობენ, მაგრამ ჩემი ტვინი ესაუბრება თქვენს ტვინს. თუ გვსურს, რომ გავიგოთ, ვინ ვართ, როგორ ვგრძნობთ და აღვიქვამთ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავიგოთ, რა არის ტვინი. ხდება ისეც, რომ მეცნიერებას ზოგჯერ დიდი საზოგადოებრივი სარგებლობა და ტექნოლოგიები მოაქვს, ან ბიზნესები, ან რაც კი მისგან შეიძლება წარმოიქმნას. როდესაც ჩვენ გავიგებთ, როგორ მუშაობს ტვინი, ჩვენ ასევე შეგვეძლება ავაგოთ ჭკვიანი მანქანები, და ვფიქრობ, ზოგადად ეს მართლაც კარგი რამ იქნება და დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას როგორც ფუნდამენტალური ტექნოლოგია.
მაშ, რატომ არ გვაქვს ტვინის ნორმალური თეორია? ადამიანები მასზე 100 წელი მუშაობდნენ. მოდით, ჯერ შევხედოთ როგორ გამოიყურება ჩვეულებრივი მეცნიერება. ეს არის ნორმალური მეცნიერება. ნორმალური მეცნიერება არის სათანადო ბალანსი თეორიასა და ექსპერიმენტებს შორის. ანუ თეორეტიკოსი ამბობს, რომ ესა და ეს პროცესი ხდება და ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ არა, მართალი არ ხარ! და ესე ხდება წინ და უკან. ასე ხდება ფიზიკაში, გეოლოგიაში... მაგრამ თუ ნორმალური მეცნიერება ასეთია, მაშინ რა ხდება ნეირომეცნიერებაში? აი, რა ხდება ნეირომეცნიერებაში: ჩვენ გვაქვს ზღვა მასალა, მათ შორის ანატომიური, ფიზიოლოგიური და ქცევითი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი დეტალი ვიცით ტვინების შესახებ. ამ წელს 28 000 ადამიანი დაესწრო ნეირომეცნიერების კონფერენციას, და თითოეული მათგანი აკეთებს კვლევას ტვინებზე. უამრავი მასალაა, მაგრამ არ არის თეორია. პატარა, მყიფე ყუთია ამ ყველაფრის თავზე.
თეორიას არ უთამაშია რაიმე სახის წამყვანი როლი ნეირომეცნიერებაში. ეს ნამდვილი სირცხვილია. რატომ მოხდა ასე? თუ ჰკითხავთ ნეირომეცნიერებს, რატომ ხდება ასე, ისინი პირველ რიგში ამ ყველაფერს აღიარებენ. ისინი ასევე იტყვიან, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ გვაქვს ტვინის ნორმალური თეორია. ზოგიერთი იტყვის, რომ არ არის საკმარისი ინფორმაცია, გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება; უამრავი რამეა, რაც არ ვიცით. მე ახლახანს გითხარით, რომ ინფორმაცია მართლა უამრავია. იმდენი ინფორმაცია გვაქვს, რომ არც კი ვიცით, როგორ მოვახდინოთ ორგანიზება. რას გვიზამს უფრო მეტი ინფორმაცია? შეიძლება აღმოვჩნდეთ იღბლიანები და რაღაც მაგიური რამ აღმოვაჩინოთ, მაგრამ მაინც არა მგონია. ეს ყველაფერი იმის სიმპტომი უფრო მგონია, რომ თეორია არ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მეტი ინფორმაცია - ჩვენ გვჭირდება კარგი თეორია ამ ყველაფრის შესახებ.
და კიდევ, ხანდახან ხალხი ამბობს ხოლმე, რომ ტვინები ძალიან რთული და კომპლექსურია, და მომდევნო 50 წელი გვჭირდება მათ გამოსაცნობად. კრისმაც კი თქვა ამაზე რაღაც გუშინ. ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ თქვი, კრის, მაგრამ მგონი დაახლოებით ის, რომ ტვინი ყველაზე უფრო რთული რამაა სამყაროშიო. არადა, ასე არ არის. შენ უფრო რთული მექანიზმი ხარ, ვიდრე შენი ტვინი. შენ გაქვს ტვინი. მართალია, ტვინი ძალიან რთულად გამოიყურება, მაგრამ საგნები რთულად გამოიყურებიან, სანამ არ ახსნი. ეს ყოველთვის ასე იყო. ამიტომ ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემს ნეოკორტექსს, რომელიც არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც მაინტერესებს, აქვს 30 მილიარდი უჯრედი. მაგრამ იცით რა? ის არის ძალიან, ძალიან რეგულარული. სინამდვილეში, ის ისე გამოიყურება, თითქოს ერთი და იგივე რამ ბევრჯერ მეორდებოდეს. ის არც ისე რთულია, როგორც ჩანს.
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ტვინები ვერ ჩაწვდებიან ტვინებს. რაღაც ძენის ფილოსოფიასავით ჟღერს... ვუუუუ.... (სიცილი) კარგად ჟღერს, მაგრამ რატომ? რას გულისხმობს? უჯრედების რაღაც ნაკრებია. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ღვიძლის. ისიც უჯრედების ნაკრებია, არა? ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ აქ რამე პრობლემაა. და ბოლოს, ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ იცით რა, მე არ განვიხილავ ჩემს თავს, როგორც უჯრედების გროვას. მე ვარ ცნობიერი. მე მაქვს გამოცდილება, ვარსებობ სამყაროში... მე ვერ ვიქნები უჯრედების გროვა. მაგრამ ხალხს სჯეროდა, რომ არსებობდა სიცოცხლის ძალა და ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მართალი არ არის. და არ არსებობს მტკიცება, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ უჯრედებს შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. თუ ზოგიერთი ადამიანი ჩავარდა ამ მეტაფიზიკური დუალიზმის ორმოში, ზოგიერთი ნამდვილად ჭკვიანი ადამიანი, ჩვენ შეგვიძლია რომ ამას უბრალოდ ყურადღება არ მივაქციოთ.
მე მინდა გითხრათ, რომ რაღაც სხვა მიზეზია, უფრო ფუნდამენტური მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს ტვინის კარგი თეორია, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ გვაქვს ინტუიტური, მყარი, მაგრამ არასწორი რწმენა, რომელიც ხელს გვიშლის პასუხის დანახვაში. არსებობს რაღაც, რისიც გვჯერა, რომ ჭეშმარიტებაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მსგავსი ისტორიები მეცნიერებაში არსებობს და სანამ გეტყოდეთ ეს რა არის, გეტყვით ამ ისტორიებზე. შეხედეთ სხვა სამეცნიერო რევოლუციებს, ამ შემთხვევაში, მაგალითად, მზის სისტემის შესახებ, კოპერნიკის, ან დარვინის ევოლუციას, ან ვეგენერის ტექტონიკურ ფილებს. მათ ბევრი საერთო აქვთ ტვინის მეცნიერებასთან.
პირველ რიგში, ისინი შეიცავდნენ ძალიან ბევრ ამოუხსნელ ინფორმაციას, ძალიან ბევრს... მაგრამ ეს ინფორმაცია გახდა ადვილად ორგანიზებადი, როდესაც მათ მოიგონეს თეორია. საუკეთესო გონების მქონე ადამიანები დაბნეულები იყვნენ, ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანები, ჩვენ არ ვართ მათზე უფრო ჭკვიანები, ვიდრე ისინი მაშინ იყვნენ. უბრალოდ, როგორც ჩანს, რთულია საგნებზე ფიქრი, მაგრამ როდესაც მოიფიქრებ, უკვე ადვილი ხდება მისი გაგება. ეს სამი თეორია ჩემმა ქალიშვილებმა გაიგეს მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ იყვნენ საბავშო ბაღში. და ახლა არც ისე რთულია. აი გაქვს ვაშლი, ან ფორთოხალი, და დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ა.შ.
პასუხი ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ ჩვენ იგნორირებას ვუწევდით ამ აშკარა პასუხს. ჩვენ ვინარჩუნებდით ინტუიტურ, მყარ რწმენას, რომელიც იყო მცდარი. მზის სისტემის შემთხვევაში, ეს არის იდეა, რომ დედამიწა ბრუნავს და დედამიწის ზედაპირი საათში ათას მილს გადის, და რომ დედამიწა მზის სისტემაში საათში მილიონ მილს გადის. ეს ხო სიგიჟეა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწა არ ბრუნავს. რა, გრძნობთ, რომ საათში ათასობით მილს გავდივართ? რა თქმა უნდა, არა. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ის ბრუნავს თავის თავის გარშემო სივრცეში და ის ძალიან დიდია, ალბათ დაგამწყვევდნენ, და იმ დროში მართლაც ასეც შვრებოდნენ.
(სიცილი) ანუ მათ ჰქონდათ ინტუიტური და ცხადი რწმენა. ახლა რაც შეეხება ევოლუციას. ევოლუციაც მსგავსი ისტორიაა. ჩვენ ჩვენს შვილებს ვასწავლეთ, რომ ბიბლია როგორც ამბობს, ღმერთმა შექმნა ყველა არსება, კატები არიან კატები, ძაღლები არიან ძაღლები, ადამიანები არიან ადამიანები, მცენარეები არიან მცენარეები, ისინი არ იცვლებიან. ნოემ ჩასვა ისინი კიდობანში , ბლაბლაბლაბლა....იცით დანარჩენი. ფაქტი ის არის, რომ თუ გჯერა ევოლუციის, ჩვენ ყველას გვყავს საერთო წინაპარი, ჩვენ და დერეფანში დარგულ მცენარეს ერთი წინაპარი გვყავს. ევოლუცია ამას გვეუბნება. და ეს სიმართლეა, თუმცა დაუჯერებელია. იგივე შეიძლება ითქვას ტექტონიკურ ფილებზეც. ყველა მთა და კონტინენტი დაფარფატებს დედამიწაზე. ისე ჩანს თითქოს უაზრობაა.
ასე რომ, რა არის ის ინტუიტური, მაგრამ არასწორი რწმენა, რომელიც ხელს გვიშლიდა ტვინების გააზრებაში? ახლა მე ამას გეტყვით, და თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ეს იმდენად ცხადია, რომ სწორია. და მიზანიც ეს არის, არა? შემდეგ მე წამოვაყენებ ჩემს არგუმენტს, თუ რატომ ცდებით თქვენ. ინტიუტური, მაგრამ აშკარა "სიმართლე" ის არის, რომ თითქოს ჭკუა განისაზღვრება ქცევით. ჩვენ ვართ ჭკვიანები იმიტომ, რომ რაღაც წესით ვაკეთებთ რაღაცებს... და ვიქცევით ჭკვიანურად. სინამდვილეში, ეს ტყუილია. სინამდვილეში, ჭკუა განისაზღვრება პროგნოზირებით.
ამაზე მოგახსენებთ რამდენიმე სლაიდის დახმარებით, მაგალითს მოგცემთ, თუ რას ვგულისხმობ. აი, აქ არის სისტემა. ინჟინრებს უყვართ ამგვარ სისტემებზე დაკვირვება. მეცნიერებს უყვართ ამგვარ სისტემებზე დაკვირვება. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს საგანი ყუთში, და გვაქვს მის შიგნით შემავალი და გარეთ გამომავალი საგნები. ხელოვნური ინტელექტის (AI) მკვლევარებმა თქვეს, რომ ეს საგანი ყუთში არის პროგრამირებადი კომპიუტერი რადგან იგი ექვივალენტურია ტვინის, და ჩვენ გამოვკვებავთ მას შიგ შემავალი ინფორმაციით. ჩვენ მას ვაიძულებთ გააკეთოს რამე, ჰქონდეს გარკვეული ქცევა. ალან ტურინგმა შეადგინა ტურინგის ტესტი, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ვიგებთ რაღაცის ჭკუას იმგვარად, რომ ვადარებთ მას ადამიანს. ეს არის ჭკუის ბიჰევიორული საზომი, რომელიც ჩვენს გონებაში დიდი ხნით იყო აღბეჭდილი.
რეალობა კი, მე ვეძახი მას რეალურ ჭკუას რეალური ჭკუა დაფუძნებულია სრულიად სხვა რამეზე. ჩვენ სამყაროს განვიცდით შაბლონების თანმიმდევრობით და ჩვენ მათ ვინახავთ, შემდეგ ჩვენ მათ ვიხსენებთ. როდესაც ვიხსენებთ, ჩვენ მათ ვაწყვილებთ რეალობასთან და ჩვენ ვახდენთ პროგნოზირებას. ეს არის მუდმივი საზომი. ეს არის მუდმივი საზომი, რომელიც გვეკითხება: ვიგებთ სამყაროს? ვაკეთებ პროგნოზირებას? და ა.შ. თქვენ ამ წუთას იქცევით ჭკვიანურად, მაგრამ თქვენ არ აკეთებთ არაფერს. შეიძლება იფხანთ თქვენს სხეულს, ან ცხვირში იქექებით, არ ვიცი, მაგრამ ახლა არაფერს აკეთებთ. მაგრამ თქვენ ხართ ჭკვიანები, თქვენ იგებთ, რასაც ვამბობ. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჭკვიანები და საუბრობთ ინგლისურად, თქვენ იცით, თუ რა იქნება ბოლოში ამ -- (სიჩუმე) წინადადების.
ეს სიტყვა უცბად მოგივიდათ თავში. ამგვარ წინასწარგათვლებს გამუდმებით აკეთებთ. მე ვამბობ, რომ ეს გამუდმებითი პროგნოზირება არის ნეოკორტექსიდან გამომავალი. რაღაცნაირად პროგნოზირებას მივყავართ აზრიან მოქმედებამდე. გეტყვით, როგორ ხდება. ჯერ დავიწყოთ განუვითარებელი ტვინით. ავიღოთ ძველი ტვინი მოდი ეს არ იყოს ძუძუმწოვრის ტვინი, არამედ იყოს რეპტილიის, მაგალითად, ალიგატორის. იყოს ეს ალიგატორის ტვინი. ალიგატორის ტვინს აქვს ძალიან დახვეწილი სენსორები. მას აქვს კარგი თვალები, ყურები და შეხების შეგრძნებები პირი და ცხვირი. მას აქვს ძალიან კომპლექსური ქცევა. მას შეუძლია გაიქცეს და დაიმალოს. აქვს შიშები და ემოციები. მას შეუძლია ასევე შეგჭამოთ. მას შეუძლია თავს დაგესხათ. მოკლედ, გააკეთოს სხვადასხვა მოქმედება თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ალიგატორი ძალიან ჭკვიანია, ადამიანური გაგებით ჭკვიანი.
ამავე დროს, მას აქვს კომპლექსური და რთული ქცევები. რა მოხდა ევოლუციის დროს? პირველი, რაც მოხდა ძუძუმწოვრების ევოლუციაში, ჩვენ განგვივითარდა რაღაც, რომელსაც ჰქვია ნეოკორტექსი. ახლავე განახებთ ნეოკორტექსის სურათს, აი, ეს ყუთი, რომელიც ძველი ტვინის თავზეა დამაგრებული. ნეოკორტექსი ახალი ფენაა. ეს არის ახალი ფენა თქვენს ტვინზე. თუ არ იცით, რაზე ვამბობ. ეს არის ნაოჭებიანი ფენა თქვენს თავში, ის გახდა ნაოჭებიანი იმიტომ, რომ თავის ქალაში ვერ ეტეოდა და ჩაიხვია.
არა, მართლა, მართლა ესეა. ის დაახლოებით მაგიდის ხელსახოცის ზომაა. მაგრამ ის არ ეტევა თავის ქალაში და ამიტომ გახდა ნაოჭიანი. შეხედეთ, როგორ დავხატე: ძველი ტვინი კვლავ ადგილზეა. ეს კვლავ ალიგატორის ტვინია. თქვენ შენარჩუნებული გაქვთ ეს ტვინი, ეს თქვენი ემოციონალური ტვინია. ემოციური რეაქციები აქედან მოდის და მის თავზე ჩვენ გვაქვს მახსოვრობის სისტემა, რომელსაც ნეოკორტექსი ჰქვია. ეს მახსოვრობის სისტემა ტვინის გრძნობითი ნაწილის თავზეა, ანუ გრძნობითი იმპულსი გამოდის ძველი ტვინიდან და შედის ნეოკორტექსში. ნეოკორტექსი მას იმახსოვრებს. იმახსოვრებს ყველაფერს, რაც ხდება, სად ვიყავი, ვინ ვნახე, რა გავიგე და ა.შ. მომავალში, როცა ხედავ რამე მსგავსს, უკვე განცდილს იმავე გარემოში, ან ზუსტად იმავე გარემოში, ის ახვევს უკან გამოცდილებას, ანუ იხსენებს. ოჰ, მე აქ უკვე ვიყავი. როცა აქ ვიყავი, შემდეგ ეს მოხდა. ასე ის გაძლევთ მომავლის პროგნოზირების უნარს. ის უკუსიგნალებს აწვდის თქვენს ტვინს, რომელიც გაძლევთ საშუალებას გაიგოთ, შემდეგ რა მოხდება, მაგალითად, გაიგოთ სიტყვა "წინადადება", ვიდრე მე მას წარმოვთქვამდე. ეს უკუსიგნალი ძველ ტვინში გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები.
ეს ჩემი მოხსენების ყველაზე მნიშვნელოვანი სლაიდია, ამიტომ, მასზე ცოტა ხნით კიდევ გავჩერდები. ანუ ყოველთვის, როცა ამბობ, რომ შეგიძლია მოვლენების პროგნოზირება, თუ ხარ თაგვი, გაივლი ლაბირინთში და დაიმახსოვრებ ამ ლაბირინთს. მომავალში როცა ლაბირინთში მოხვდები და არ იცი როგორ მოიქცე, უცბად გაგახსენდება, რომ უი, მე ვიცი ეს ლაბირინთი, ვიცი რა გზით უნდა წავიდე. მე აქ უკვე ვიყავი, მე შემიძლია მომავალი ქცევის გათვლა. ეს მექანიზმი სწორედ ასე მუშაობს. ეს ასე მუშაობს ადამიანებში და ყველა ძუძუმწოვარში, თუმცა ადამიანების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ადამიანებს განუვითარდათ ნეოკორტექსის წინა ნაწილი, რომელსაც ჰქვია ნეოკორტექსის ფრონტალური ნაწილი. ბუნებამ პატარა ოინი ჩაგვიტარა. მან ტვინის უკანა ნაწილის წინ კოპირება მოახდინა. უკანა ნაწილი გრძნობითია და ეს ნაწილი ჩასვა წინაც. ამიტომ, მხოლოდ ადამიანებს აქვთ იგივე მექანიზმი ტვინის ფრონტალურ ნაწილშიც, რომელსაც ვიყენებთ მოტორული კონტროლისთვის,
ანუ ჩვენ გვაქვს უნარი განვახორციელოთ დახვეწილი მოტორული დაგეგმარება. დრო არ მაქვს ამაში ჩასაღრმავებლად, მაგრამ თუ გვინდა რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ტვინი, უნდა გავიგოთ, ძუძუმწოვრების ნეოკორტექსის პირველი ნაწილი როგორ მუშაობს, როგორ ვინახავთ მაგალითებს და ვაკეთებთ პროგნოზირებას. მოდით, პროგნოზირების რამდენიმე შემთხვევას გეტყვით. უკვე გითხარით სიტყვა "წინადადება". მუსიკაში თუ სიმღერა უკვე მოსმენილი გაქვთ, მაგალითად, თუ ჯილის მიერ ნამღერი სიმღერები უკვე მოგისმენია, როდესაც ის კვლავ დაიწყებს მათ მღერას, შემდეგი ნოტი უკვე თავისით ამოგიხტებათ ტვინში. თქვენ ახდენთ იმის წინასწარმეტყველებას, თუ რას იზამს ის. მაგალითად, როდესაც მუსიკალურ ალბომს უსმენთ, შემდეგი სიმღერა ალბომის მიმდევრობაში თავისით გახსენდებათ. ასეთი რამეები გამუდმებით ხდება. თქვენ ახდენთ პროგნოზირებას.
მე მაქვს ერთი ექსპერიმენტი, რომელსაც ჰქვია შეცვლილი კარის ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის მიხედვით, თქვენი სახლის კარს მე ახლა, როდესაც თქვენ აქ იმყოფებით, შევცვლი. გავაგზავნი ვინმეს ვინც თქვენს სახლში კარებს გამოგიცვლით. ისინი თქვენს სახელურს ორი ინჩის იქით გადაადგილებენ. როდესაც დღეს საღამოს სახლში მიხვალთ, თქვენ თქვენს ხელს წაიღებთ იქ, სადაც სახელური გეგულებათ, და უცბად შეამჩნევთ, რომ არასწორად წაიღეთ ხელი, და იტყვით, რომ ვა, რაღაც მოხდა. რამდენიმე წამი წაიღებს იმის გააზრებას, თუ რა მოხდა. თქვენი სახელურის შეცვლა კიდევ სხვანაირად შემიძლია. მას გავხდი უფრო დიდს ან პატარას. თუ იყო ბრინჯაოსი, გავხდი ვერცხლისას. ან გავხდი მას ჩამკეტს. გადავღებავ თქვენს კარს, დავაყანებ მასზე ფანჯრებს. ათასი რამის შეცვლა შემიძლია თქვენს კარებზე, და იმ ორ წამში, რაც კარის გაღებას სჭირდება, თქვენ გაიაზრებთ, რომ რაღაც შეიცვალა.
ინჟინერული მიდგომა, AI (ხელოვნური ინტელექტის) მიდგომა იქნება კარიბების საინფორმაციო საცავის შექმნა. მასში იქნება კარების ყველა ატრიბუტი. როდესაც საკუთარი სახლის კარს მიუახლოვდები, საცავი შეამოწმებს მას: კარები, კარები კარები, ფერი... და ა.შ. ხვდებით ალბათ, რასაც ვგულიხმობ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენი ტვინი ამას არ აკეთებს. ჩვენი ტვინი უბრალოდ ახდენს მუდმივ პროგნოზირებას ანუ იმის გათვლას, თუ რა მოხდება მოცემულ გარემოში. როდესაც ჩემს ხელს ამ მაგიდაზე ვდებ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის გაჩერდება. როდესაც დავდივარ, თუ ინჩის მეოთხედით ავაცილე, ვხვდები, რომ რაღაც იცვლება. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ წინასწარმეტყველებებს გარემოში. მოკლედ ვისაუბროთ ხედვის უნარზე. აქ მაქვს ქალის სურათი როდესაც ხალხს უყურებთ, თქვენი თვალი მოძრაობს ორ-სამჯერ წამში. თქვენ ამას ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენი თვალები მუდმივად მოძრაობენ. როდესაც ვიღაცას თვალებში უყურებთ, ჩვეულებრივ, ჯერ თვალიდან იწყებთ, შემდეგ ცხვირი, პირი... როდესაც თვალიდან თვალზე გადადიხარ და ხედავ რაღაცას , რაც ჰგავს ცხვირს, ხედავ ცხვირს იქ, სადაც წესით თვალი უნდა იყოს, ამბობ, ოჰ, ჯანდაბა... (სიცილი) ამ ტიპს რაღაც სჭირს. ეს იმიტომ ხდება, რომ შენ ახდენ წინასწარგანსაზღვრას, ისე არ ხდება, რომ უბრალოდ შეხედავ ვინმეს და იტყვი, "ვა რას ვხედავ?" "ცხვირია, მერე რა..." არა, თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ იმ ადგილას რაღაც დაგხვდებათ.
და ბოლოს, მოდი შევხედოთ იმასაც, რანაირად ვსაზღვრავთ ჭკუას. ჩვენ ვსაზღვრავთ მას პროგნოზირებას უნარით. რა იქნება შემდეგი სიტყვა? ეს მოდის ამის შემდეგ და ეს ამის შემდეგ... რა იქნება შემდეგი ციფრი ამ წინადადებაში? აქ არის ობიექტის სამი ხედვა. რა არის მეოთხე? მეოთხე არის ის, თუ რანაირად ვახდენთ მის "დატესტვას", როგორ ვახდენთ წინასწარგანსაზღვრას, წინასწარმეტყველებას. რა იქნება ტვინის თეორიის რეცეპტი? პირველ რიგში, უნდა გვქონდეს შესაბამისი ჩარჩო. ეს ჩარჩო არის მეხსიერების ჩარჩო, და არა გამოთვლითი ან ქცევითი ჩართო. ეს არის მეხსიერების ჩარჩო. როგორ ინახავ და იხსენებ ამ მოდელების შაბლონებს? ეს სივრცით-დროითი შაბლონებია. სწორედ ამ ჩარჩოში სამუშაოდ უნდა მოვაქციოთ რამდენიმე კარგი თეორეტიკოსი.
ბიოლოგები არც ისე კარგი თეორეტიკოსები არიან. ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ზოგადად, ბიოლოგიაში თეორიის სანიმუშო ისტორია არ აქვთ. საუკეთესო ხალხი, ვისთანაც ვმუშაობ, არიან ფიზიკოსები, ინჟინრები და მათემატიკოსები, რომლებიც ფიქრობენ ალგორითმულად. მათ სჭირდებათ ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლა. ეს თეორიები ანატომიური თვალსაზრისით რეალისტური უნდა იყოს. ვინმე როცა ადგება და გიყვება, თავის თეორიას, როგორ მუშაობს ტვინი, და არ გიყვება ზუსტად თუ რა პროცესები ხდება ტვინში კარგ თეორიას ვერ აყალიბებს. ამას ვაკეთებთ რედვუდის ნეირომეცნიერების ინსტიტუტში. მეტი დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით მოგიყვებით ფანტასტიურ პროგრესზე, რაც ჩვენს საქმეში გვაქვს, და მე ვიმედოვნებ, რომ ამ სცენაზე კვლავ დავბრუნდები, იმედია არც ის შორეულ მომავალში. მე ნამდვილად ძალიან აღტყინებული ვარ. ეს არ წაიღებს 50 წელს.
როგორი იქნება ტვინის თეორია? პირველ რიგში, ეს იქნება თეორია მეხსიერების შესახებ, არა როგორც კომპიეტული მეხსიერების. ეს სრულებითაც არ ჰგავს კომპიუტერულ მეხსიერებას. ის ძალიან, ძალიან განსხვავებულია.ეს არის ამ მაღალი განზომილებების შაბლონების მეხსიერება, რაღაცების რაც შენში შენი თვალებიდან შედის. ეს არის ასევე მიმდევრობების მეხსიერება. თქვენ ვერ ისწავლით ან გაიხსნებთ რამეს მიმდევრობების გარეშე. სიმღერას უსმენთ რაღაც მიმდევრობით დროში და ის უნდა გადაახვიოთ ასევე რაღაც მიმდევრობით. და ეს მიმდევრობები ავტო-ასოციაციურად გვახსენდება, ანუ თუ ვხედავ რამეს, ან თუ ვისმენ რამეს, რაც რაღაცას მაგონებს, ავტომატურად ეხვევა ჩემი მეხსიერება უკან. ეს ავტომატური გადახვევაა. მომავალი მიღებული ინფორმაციის პროგნოზირება სასურველი შედეგია. როგორც ვთქვი, თეორია უნდა იყოს ბიოლოგიურად გამართული და შეიძლებოდეს მისი გამოცდა, ასევე მისი აშენებაც. თუ მას ვერ ააშენებ, მაშინ ვერც გაიგებ. აი, კიდევ ერთი სლაიდიც.
რა იქნება შედეგი? ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ჭკვიანი მანქანების შექმნას? დიახ, აბსოლუტურად ასეა. და ისინი არ იქნებიან ისეთი, როგორიც ხალხს წარმოუდგენია. ეს ნამდვილად მოხდება. პირველ რიგში, ჩვენ შევქმნით მას სილიკონისგან, იგივე ტექნიკით, რასაც ვხმარობთ კომპიუტერების სილიკონის მეხსიერების შექმნაში. მისი გამოყენება აქაც შეიძლება. ეს იქნება განსხვავებული ტიპის მეხსიერებები. ამ მეხსიერებებს მივაბამთ სენსორებს და სენსორები განიცდიან რეალური ცხოვრების ფაქტებს, და ისინი დაიწყებენ საკუთარი გარემოს შესწავლას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი რასაც დაინახავთ, რობოტები იქნება. არა იმიტომ, რომ რობოტები არიან გამოუსადეგარნი ან იმიტომ, რომ ადამიანები ვერ შექმნიან რობოტებს. რობოტიკის ნაწილი ყველაზე რთულია. ეს ჩვენი საწყისი, "ძველი" ტვინია, რისი აგებაც ძალიან რთულია. ახალი ტვინის აგება უფრო ადვილია, ვიდრე ძველის. პირველ რიგში რასაც გავაკეთებთ არის ის, რაც მოითხოვს ნაკლებ რობოტიკას. ანუ თქვენ ვერ იხილავთ C-3PO-ს. თქვენ უფრო იხილავთ ისეთ საგნებს, როგორიცაა მაგალითად ჭკვიანი მანქანები, რომლებმაც იციან, თუ რა არის საცობი და რას ნიშნავს სიარული, და ისწავლიან, რომ ზოგიერთი ტიპის მანქანას ფანრები ნახევარი წუთით თუ აქვთ ანთებული ესე იგი მობრუნებას არ აპირებს და ა.შ.
ჩვენ ასევე შეგვიძლია დაცვის სისტემების შექმნა. ასეთ რამეებს გამოვიყენებთ ნებისმიერ სფეროში, სადაც ჯერ კიდევ ვიყენებთ ჩვენს ტვინს და არ ვიყენებთ საკმარის მექანიკას. ეს ისეთი რამეებია, რაც მალე მოხდება. სამყაროს აქვს რაღაც ზღვარი. მე არ ვიცი რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც შექმნა მიკროპროცესორი, და თუ თქვენ მათ დაელაპარაკებით, ისინი გეტყვიან, რომ აკეთებდნენ რაღაც მნიშვნელოვანს, მაგრამ ზუსტად რა მოხდებოდა, არავინ იცოდა. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს და ა.შ. მათ იცოდნენ, რომ შექმნიდნენ კალკულატორებს და საცობის შუქნიშნის კონტროლიორებს. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ რაღაც დიდს ქმნიდნენ. იგივე გზით, ტვინის მეცნიერება და მეხსიერებები იქნება ფუნდამენტური ტექნოლოგია, რომელიც მომდევნო 100 წლის მანძილზე წარმოუდგენელ ცვლილებებამდე მიგვიყვანს. და მე ყველაზე მეტად აღტყნიებული ვარ, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ მეცნიერებაში. ვფიქრობ, რომ ჩემი საუბრის დრო ამოიწურა და მე ამით დავამთავრებ.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
Treo-ს შემქმნელი ჯეფ ჰოუკინსი გვთავაზობს, შევხედოთ ადამიანს ტვინს განსხვავებული კუთხიდან - არა როგორც სწრაფ პროცესორს, არამედ როგორც დამახსოვრების სისტემას, რომელიც იმახსოვრებს და უკან ახვევს გამოცდილებებს, რათა დაგვეხმაროს მომავლის პროგნოზირებაში
Jeff Hawkins pioneered the development of PDAs such as the Palm and Treo. Now he's trying to understand how the human brain really works, and adapt its method -- which he describes as a deep system for storing memory -- to create new kinds of computers and tools. Full bio »
Translated into Georgian by Giorgi Tskhadaia
Reviewed by Levan Khomeriki
Comments? Please email the translators above.
23:34 Posted: Oct 2007
Views 2,133,359 | Comments 398
04:02 Posted: Mar 2008
Views 692,113 | Comments 137
16:22 Posted: Jul 2008
Views 303,853 | Comments 83
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.