ჩვენ ახლა ვცხოვრობთ საოცარ და უპრეცენდენტო დროში როდესაც ძალაუფლების დინამიკა ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალიან სწრაფად იცვლება. და ბევრ ადგილას, სადაც ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქალები მართლაც ყველაფერს აკონტროლებენ. დედაჩემის ახალგაზრდობაში, მას უნივერსიტეტში არ უსწავლია. ქალებს შორის ბევრს არ ჩაუბარებია. ახლა კი, ყოველ ორ უმაღლესი განათლების მქონე მამაკაცზე სამი ასეთი ქალი მოდის. წელს პირველად, ქალები გახდნენ ამერიკაში დასაქმებული მოსახლეობის უმრავლესობა. და ისინი ბევრ პროფესიაში დომინირებენ - არიან ექიმები, იურისტები, ბანკირები, ბუღალტრები. მენეჯერთა 50 პროცენტზე მეტი დღეისათვის ქალია. და 15 პროფესიას შორის, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ ათწლეულში ყველაზე მეტად გაიზრდება, ორის გარდა, ყველგან ქალები დომინირებენ. ამდენად, გლობალური ეკონომიკა ხდება ის ადგილი, სადაც ქალები მამაკაცებზე მეტად წარმატებულნი არიან. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ეს ეკონომიკური ცვლილებები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენს კულტურაზე - როგორია ჩვენი რომანტიკული კომედიები, როგორია ოჯახური ცხოვრება, როგორია ჩვენი რომანები, ვინ არიან ჩვენი ახალი სუპერგმირები.
დიდი ხნის მანძილზე ამერიკელი მამაკაცის გავრცელებული იმიჯი იყო უხეში, ველური, თავისი გარემოს სრული მაკონტროლებელი. რამდენიმე წლის წინ კი, მალბოროს ცნობილი სახე შეცვალა ამ გაცილებით ნაკლებ შთამბეჭდავმა ტიპმა, რომელიც ამერიკული მამაკაცობის პაროდიაა. აი რა გვაქვს დღევანდელ რეკლამაში. ფრაზა - ”უფროსი ბიჭი” იმდენად ღრმადაა ჩვენს ცნობიერებაში ჩაბეჭდილი, რომ მხოლოდ ამ სტატისტიკამ შოკი მომგვარა. ამერიკის რეპროდუქციულ კლინიკებში წყვილთა 75 პროცენტი ითხოვს გოგონებს და არა ბიჭებს. და ისეთ ადგილებში, სადაც არც კი ვიფიქრებდით, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ჩინეთი, მკაცრი პატრიარქალური საზოგადოებები ნელნელა იშლება და ოჯახებს უკვე აღარ აქვთ ”უფროსი ბიჭის” განსაკუთრებული მოთხოვნა.
ამაზე თუ დაფიქრდებით, თუ წარმოიდგენთ ამ შესაძლებლობას და გამოიტანთ დასკვნებს, ამის მტკიცებულებას ყველგან დაინახავთ. მაგალითად უნივერსიტეტის დამთავრების ტენდენციებში, დასაქმების პროგნოზებში, ქორწინების სტატისტიკაში, ისლანდიის არჩევნებში, რომელზეც მოგახსენებთ, სამხრეთ კორეაში ვაჟების უპირატესობის შესახებ კვლევაში, რომ რაღაც საოცარი და უპრეცენდეტო ხდება ქალების თავს. რათქმაუნდა, პირველად არაა, რომ ქალები დიდ პროგრესს განიცდიან. გვახსენდება 20იანი და 60იანი წლები. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მაშინ, წამყვანი იყო ფემინისტური მოძრაობა რომელიც ცდილობდა წინ წამოეწია საკუთარი სურვილები. დღეს კი ეს ემოციაზე არ არის დამოკიდებული. ეს არ არის რაიმე მოძრაობა. ეს უბრალოდ ფაქტებია იმ ეკონომიკური მომენტისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 200 000 წლიანი პერიოდი, რომელშიც მამაკაცი იყო წამყვანი მართლაც დასასრულს უახლოვდება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ამიტომაც ვსაუბრობ ”მამაკაცის დასასრულზე”.
დარბაზში მსხდომო მამაკაცებო, ეს არ არის ის დრო როდესაც თქვენ უნდა გამორთოთ გადაცემა ან მესროლოთ პომიდვრები, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს ყველას ერთად გვემართება. მეც მყავს მეუღლე და მამა და ორი ვაჟი, რომელიც ძალიან მიყვარს. ამიტომაც მომწონს ამაზე საუბარი. რადგან თუ არ გავაცნობიერეთ ეს, გადასვლა იქნება ძალიან მტკივნეული. მაგრამ თუ მხედველობაში ვიქონიებთ, მე მგონი ყველაფერი უფრო მსუბუქად ჩაივლის. ამ საკითხზე ფიქრი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყე. როგორც ყველა, მეც ეკონომიკური კრიზისის შესახებ ვკითხულობდი სათაურებს, როდესაც შევამჩნიე მკვეთრი ტენდენცია - რომ ეს კრიზისი გაცილებით უფრო მეტად ეხებოდა მამაკაცებს, ვიდრე ქალებს. და გამახსენდა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც წავიკითხე სუზან ფელუდის წიგნი სათაურით: ”გაშეშებული: ამერიკელი მამაკაცის ღალატი” რომელშიც ის ასახავდა, თუ რამდენად მძიმედ დაარტყა ეკონომიკურმა კრიზისმა მამაკაცებს. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რამდენად მძიმე იყო ეს დარტყმა ამჯერად. და აღმოვაჩინე, რომ ამჯერად ორი რამ იყო განსხვავებული. პირველი, რომ ეს იყო უფრო გრძელვადიანი და არა დროებითი დარტყმა რომელიც მამაკაცებმა განიცადეს - ეს აისახებოდა უფრო ღრმა, გლობალური ეკონომიკის საფუძვლიან ცვლილებებში. და მეორე, რომ საქმე მხოლოდ მამაკაცების კრიზისს კი არ ეხებოდა, არამედ ქალებსაც.
ახლა შეხედეთ ამ სლაიდების მეორე წყებას. ეს არის სათაურები იმის შესახებ, თუ რა ბედი ელით ქალებს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ის, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით. ქალები - დასაქმებულთა უმრავლესობა. შრომითი სტატისტიკა: მენეჯერული პოსტების უმრავლესობა ქალებს უკავიათ. სათაურების მეორე წყება: ხედავთ, რომ ოჯახებისა და ქორწინების მოდელი განიცდიდ ცვლილებას. და შეხედეთ ბოლო სათაურს: ახალგაზრდა ქალების შემოსავალი ახალგაზრდა მამაკაცების შემოსავალზე მეტია. ეს კონკრეტული სათაური საბაზრო კვლევის კომპანიიდანაა. მათ მიიღეს შეკვეთა, დაედგინათ, თუ ვინ იყიდდა სახლებს ერთ უბანში მომავალში. მათ ეგონათ, რომ ეს იქნებოდა ახალგაზრდა ოჯახები, ან ახალგაზრდა მამაკაცები, როგორც ყოველთვის. მაგრამ, აღმოაჩინეს საოცარი შედეგი. ეს იყო ახალგაზრდა, გაუთხოვარი ქალები, რომლებიც სავარაუდოდ შეისყიდდნენ სახლებს ამ უბანში. ისინი ისე დაინტრიგდნენ ამ შედეგით, რომ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ეროვნული მასშტაბის კვლევა. ამისთვის აიღეს საყოველთაო აღრიცხვის მონაცემები და მივიდნენ შოკისმომგვრელ დასკვნებამდე - რაც იყო ის, რომ 2,000 თემიდან 1,997 შემთხვევაში ქალებს, ახალგაზრდა ქალებს ჰქონდათ გაცილებით მეტი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებს. ამდენად, გვაქვს ახალგაზრდა ქალების ახალი თაობა, რომელიც იზრდება იმ აზრით, რომ მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე მის გარშემო მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებს.
აი სურათი სახეზეა, მაგრამ ჯერ არ ამიხსნია თუ რატომ ხდება ეს. სულ ცოტა ხანში გიჩვენებთ გრაფიკს, რომელიც გიჩვენებთ - იწყება 1973 წლიდან ცოტათი ადრე, ვიდრე ქალები დატბორავდნენ სამუშაო ბაზარს და მოდის დღემდე. პრინციპში, აქ ჩანს ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ეკონომიკის პოლარიზაციას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იყოფა მაღალი სპეციალიზაციის, მაღალი ანაზღაურების მქონე სამუშაოებსა, დაბალი სპეციალიზაციის, დაბალი ანაზღაურების მქონე სამუშაოებს შორის და საშუალო, საშუალო სპეციალიზაციის სამუშაოები, რომლებიც საშუალო ანაზღაურებით ხასიათდებიან, ნელნელა ქრებიან ეკონომიკიდან. ეს ხდება უკვე ბოლო 40 წელია. მაგრამ ეს პროცესი სულ სხვანაირ გავლენას ახდენს მამაკაცებზე ვიდრე ქალებზე. აი აქ ხედავთ ქალებს წითლად და მამაკაცებს ლურჯად. ხედავთ, რომ ორივე გამოვარდა საშუალო ფენიდან მაგრამ უყურეთ, რა ემართებათ ქალებს და რა ემართებათ მამაკაცებს. აი ასე. აი უყურეთ, ხედავთ, რომ ორივე გამოვარდა საშუალო ფენიდან. უყურეთ, რა ემართებათ ქალებს და რა - მამაკაცებს. მამაკაცები თითქოს რაღაც სტაგნაციას განიცდიან, მაშინ, როცა ქალები მიიწევენ ზემოთ, მაღალ პროფესიული სამუშაოებისკენ. რა ხდება? როგორც ჩანს ქალებს რაღაც სუპერ ძალა აქვთ, როგორც კომპიუტერულ თამაშებში ან რაიმე საიდუმლო შრატს ურევენ კონტრაცეპტივებში რაც მათ ამ წინსვლაში ეხმარება. მაგრამ, რათქმაუნდა ალბათ ამაში არ არის საქმე.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკა შეიცვალა. ადრე იყო წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომლის ძირითადი საქმიანობა ნივთებისა და პროდუქტების შექმნა იყო. ახლა კი მომსახურების ეკონომიკაში ვცხოვრობთ ინფორმაციისა და შემოქმედებითობის ეკონომიკაში. ეს ორი ტიპის ეკონომიკა აბსოლუტურად განსხვავებულ უნარებს მოითხოვს. და როგორც ჩანს, ქალები გაცილებით უკეთესად ახერხებენ ამ ახალი უნარების გამომუშავებას, ვიდრე მამაკაცები. ადრე, თუ იყავი ბიჭი, რომელიც საშუალო სკოლას დაამთავრებდა, არ ექნებოდა უმაღლესი განათლება, მაგრამ კონკრეტული უნარები, და ცოტაოდენი დახმარება პროფკავშირებიდან საკმაოდ ნორმალურ საშუალო ფენის ცხოვრებას ააწყობდი. მაგრამ დღევანდელი რეალობა სულ სხვანაირია. ახლანდელი ეკონომიკისთვის ზომას და ძალას , რომელიც მამაკაცებს ამდენი ხანი ეხმარებოდა, მნიშვნელობა არა აქვს. ახლანდელი ეკონომიკა მოითხოვს სულ სხვა უნარებს. დღეს საჭიროა გამჭრიახობა, საჭიროა სიმშვიდე და ფოკუსირება, ღია კომუნიკაცია, ადამიანების მოსმენის უნარი და ადრინდელთან შედარებით გაცილებით უფრო ცვალებად სამუშაო გარემოში ოპერირება. ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ქალები ძალიან კარგად ახერხებენ.
მაშინდელი მართვის თეორიას რომ გადახედოთ, ჩანს, რომ ჩვენი იდეალური ლიდერი იქნებოდა გენერალი პეტონის მსგავსი. ბრძანებები გაიცემოდა ზემოდან. ყველაფერი იქნებოდა ძალიან იერარქიული. თქვენ ყველას ეტყოდით, ვის რა უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ახლანდელი იდეალური ლიდერი ასეთი არ არის. ახლანდელი მენეჯმენტის წიგნებს თუ წაიკითხავთ, ლიდერს უნდა შეეძლოს შემოქმედებითობის წახალისება, რომელიც შეძლებდა თავისი თანამშრომლები - ხედავთ? ისევ მამაკაცზე ვსაუბრობ! რომელიც შეძლებდა ხელი შეეწყო თანამშრომლებს შორის საუბრისთვის, რომელიც ააწყობდა გუნდს და შემოქმედებითობას შეუწყობდა ხელს. ამ ყველაფერს ქალები ძალიან კარგად აკეთებენ.
გარდა ამისა, ამან შექმნა გარკვეული კასკადური ეფექტი. ქალები იწყებენ სამუშაოს ზედა რგოლებიდან. მუშათა კლასის დონეზე კი, ახალი სამუშაოები, რომელიც იქმნება, არის ისეთი სამუშაო, რომლებსაც ადრე ქალები სახლში, თავისუფალ დროს აკეთებდნენ. ასეთებია ბავშვის მოვლა, მოხუცებულებზე ზრუნვა და საჭმლის მომზადება. ასეთი სამუშაოების რაოდენობა იმატებს, ეს არის ისეთი სამუშაოები, რომელსაც, როგორც წესი ქალები აკეთებენ. ახლა კი, ისე შეიძლება მოხდეს, რომ დედამ დაიქირაოს უმუშევარი, საშუალო ხნის, ყოფილი ფოლადის მუშა, თავისი ბავშვების მომვლელად. ეს მამაკაცებისთვისაც კარგი იქნება, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა.
იმისათვის, რომ ვნახოთ - რა მოხდება, მხოლოდ არსებულ შრომის ბაზარზე დაკვირვება არ არის საკმარისი. უნდა შევხედოთ მომავალ შრომის ბაზარსაც. აქ კი საქმე საკმაოდ მარტივადაა. ქალები იღებენ უმაღლეს განათლებას უფრო მაღალი ტემპებით, ვიდრე მამაკაცები. რატომ? ეს გაუგებარია. მამაკაცებს ეკითხებიან, რატომ არ აგრძელებენ ისინი განათლებას. მაგალითად პროფსასწავლებლებში, სადაც გადამზადდებიან, მიიღებენ ახალ უნარ-ჩვევებს. აღმოჩნდა, რომ ისინი ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ისინი მიჩვეულნი არიან აზრს, რომ უნდა იყონ ოჯახის მარჩენალი, და თან არ შეუძლიათ სოციალური ქსელების ჩამოყალიბება, რაც მათ უმაღლესი განათლების მიღებაში ხელს შეუწყობდა. რატომღაც მამაკაცები უბრალოდ არ აგრძელებენ სწავლას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ეს უფრო ახალგაზრდა მამაკაცებს ეხება. თითქმის ათი წელია მიმდინარეობს კვლევა საკითხზე, რომელსაც ”ბიჭების კრიზისს” უწოდებენ. ამის უკან დგას იდეა, რომ პატარა ბიჭებს, რაღაც მიზეზის გამო სკოლაში უარესი მოსწრება აქვთ, ვიდრე პატარა გოგონებს. ამაზე თეორიები არსებობს. იმიტომ არის ეს, რომ ჩვენ ზედმეტად ვერბალური პროგრამები გვაქვს და ამაში გოგოები ჯობნიან ბიჭებს? თუ ბავშვებისგან დიდხანს წყნარად ჯდომას მოვითხოვთ, ამიტომ ბიჭები თავის თავს უკვე წაგებულებად აფასებენ? ზოგიერთის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ მე-9-ე კლასიდან ბიჭები სკოლას თავს ანებებენ. მე ამაზე წიგნს ვწერ და ჯერ კიდევ ვიკვლევ ამ საკითხს, ამიტომ პასუხი არ მაქვს. მაგრამ მანამდე მოვიხმობ მსოფლიო განათლების ექსპერტს, ჩემი 10 წლის გოგონას - ნოას. რომ გვითხრას, თუ რატომ ჩამორჩებიან ბიჭები სკოლაში.
(ვიდეო) ნოა: გოგოები უფრო ჭკვიანები არიან. უფრო დიდი ლექსიკა აქვთ. უფრო მალე სწავლობენ. უფრო აკონტროლებენ თავს. ვინ ვერ გავა გარეთ დასვენებაზე? მარტო ბიჭები.
ნოა: რატომ? იმიტომ რომ მასწავლებელს არ უსმენდნენ როცა გოგოები მშვიდად ისხდნენ.
ჰ.რ.: აი ასე. მთელი ეს თემა მაშინ გავიაზრე, როდესაც კანზას სიტის ერთერთ მუშათა კლასის უნივერსიტეტში ვიყავი სტუმრად. მე რომ სტუდენტი ვიყავი, ნამდვილად გარკვეული მოლოდინი მქონდა ჩემი ცხოვრების შესახებ - რომ მე და ჩემი მეუღლე ვიმუშავებდით, რომ გავინაწილებდით ბავშვებზე ზრუნვის მოვალეობებს. მაგრამ ამ სტუდენტ გოგონებს მომავლის სულ სხვანაირი ხედვა ჰქონდათ. მათ მითხრეს, რომ იმუშავებდნენ დღეში 18 საათი, რომ მათ მეუღლეს შეიძლება ჰქონოდა სამუშაო, შეიძლება არა, მაგრამ ისინი იქნებოდნენ სახლში და მიხედავდნენ პატარებს. ეს ცოტა არ იყოს შოკი იყო ჩემთვის. ეს კი ჩემი საყვარელი ციტატაა ერთერთი გოგონასგან: ”კაცები ჩვენი დროის ბორკილებია”.
თქვენ გეცინებათ, მაგრამ ეს ციტატა ცოტა მტკივნეულიც არის, არა? მტკივნეულია იმიტომ, რომ ათასი წლის ისტორია ტკივილის გარეშე არ იცვლება. ამიტომაც ვლაპარაკო ამ პროცესის ერთად გადალახვაზე. ამ სტუდენტი გოგონების შემდეგ კანზასში მამაკაცების ჯგუფსაც შევხვდი. წარმოების ეკონომიკის ზუსტად ისეთ მსხვერპლებს, წეღან რომ ვახსენებდი. იქ იყვნენ კაცები, რომლებსაც ნამუშევარი ჰქონდათ მუშებად, მშენებლებად, და მშენებლობის ბუმის შემდეგ უმუშევრად დარჩენილიყვნენ და ამ ჯგუფში იყვნენ იმიტომ, რომ ვეღარ იხდიდნენ ალიმენტებს. იქვე იყო ინსტრუქტორი, რომელიც უხსნიდა მათ, თუ როგორ შეიძლებოდა ეპოვნათ დაკარგული იდენტობა ან ახალ დროში. ის უხსნიდა მათ, რომ მათ აღარ ჰქონდათ მორალური ძალაუფლება, რომ ისინი აღარავის სჭირდება ემოციური მხარდაჭერისათვის, და რომ ისინი აღარც მარჩენალები არიან. მაშინ ვინღა არიან ისინი? ეს ყველაფერი მათთვის ძალიან მძიმე აღსაქმელი იყო. ბოლოს მან დაფაზე დაწერა 85,000 დოლარი ”ეს მისი ხელფასია” - თქვა მან. შემდეგ დაწერა 12,000 დოლარი. ”ეს თქვენი ხელფასია. აბა, ახლა ვინ არის კაცი?” იკითხა მან. ”ვინ არის მეთქი კაცი? ვინ და ის” - ქალი. და ამან ოთახში ელვასავით გაიარა. ეს ერთერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მომწონს ამაზე საუბარი. მგონია, რომ საკმაოდ მტკივნეული იქნება და მართლაც სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ ამაზე.
მეორე მიზეზი, რატომაც უნდა ვიჩქაროთ არის ის, რომ ეს მხოლოდ ამერიკაში არ ხდება. ეს მთელს მსოფლიოში ასეა. ინდოეთში, მაგალითად. ღარიბი ქალები ინგლისურს მამაკაცებზე უფრო სწრაფად სწავლობენ, რათა იმუშაონ ქოლ ცენტრებში რომლებიც ასე მოხშირდა ინდოეთში. ჩინეთში, ბევრმა კერძო ბიზნესი წამოიწყო. ქალები უფრო სწრაფად იწყებენ მცირე ბიზნესებს, ვიდრე მამაკაცები. და აი, ჩემი საყვარელი მაგალითი - სამხრეთ კორეა. ათწლეულების მანძილზე სამხრეთ კორეაში იყო ყველაზე უფრო პატრიარქალური საზოგადოება. მათ, ქალების მეორეხარისხოვანი როლი ფაქტიურად დააკანონეს სამოქალაქო კოდექსში. და თუ ქალი ბიჭს არ გააჩენდა, მას ფაქტიურად შინამოსამსახურესავით ექცეოდნენ. ზოგჯერ ოჯახი სულებს ლოცვით თხოვდა, მოეკლათ ბავშვი, თუ ის გოგო იყო, რომ ბიჭი შეძენოდათ. მაგრამ 70იან და 80იან წლებში სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სწრაფი ინდუსტრიალიზაცია განეხორციელებინა. ამიტომ ქალები ჩართეს შრომის ბაზარში. ამის შემდეგ, 1985 წლიდან მოყოლებული სვამენ კითხვას, ”რამდენად ანიჭებთ უპირატესობას პირველ ბიჭს”? და შეხედეთ ამ ცხრილს. ეს არის 1985 წლიდან 2003 წლამდე. რამდენად გირჩევნიათ პირველი შვილი ბიჭი იყოს?
ხომ ხედავთ, რომ ამ ეკონომიკურ ცვლილებებს მართლაც დიდი გავლენა აქვთ ჩვენს კულტურაზე. იმიტომ, რომ ჩვენ სრულად არ გაგვიანალიზებია ეს ინფორმაცია, ის რაღაცნაირად გვიბრუნდება პოპ კულტურის საშუალებითაც უცნაური და გაზვიადებული ფორმებით, სადაც ჩანს, რომ სტერეოტიპები იცვლება. და მამაკაცების მხარეს, ჩნდება ის, რასაც ჩემი ერთი კოლეგა ”ომეგა მამაკაცს” უწოდებს. ეს არის მამაკაცი, რომელიც რომანტიკის სფეროშიც შეზღუდულია და ვერც სამსახურს შოულობს. და ისინი სხვადასხვანაირი ფორმებით გვხვდებიან. ვხვდებით მუდმივ მოზარდს, შარმსმოკლებული მისანტროფი. გვყავს ბუდვაიზერის რეკლამის ტიპი, რომელიც ბედნიერად უსაქმურია. და აი შოკი: ამერიკის ყველაზე სექსუალური მამაკაციც კი, ცოცხალთაგან ყველაზე სექსუალური მამაკაციც ფილმში რომანტიულ როლს ასრულებს. ქალების მხარეს კი საწინააღმდეგოს ვაწყდებით, აქ არიან ეს გაგიჟებული სუპერგმირი ქალები. ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი - ახალი ჯეიმს ბონდი. და მარტო ახალგაზრდებში კი არა, დღეს, ელენ მირენსაც კი იარაღი უჭირავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა მოვცილდეთ აქაურობას, სადაც ეს გადამეტებული სახეებია და რამე ცოტა ნორმალური მოვძებნოთ.
ამიტომ, დიდი ხნის მანძილზე, ეკონომიკის სფეროში გვხვდებოდა ტერმინი - შუშის ჭერი. მე ეს ტერმინი არასოდეს მომწონდა. ჯერ ერთი, ის მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურ პოზიციაში აყენებს. იმიტომ რომ კაცები არიან თითქოს რაღაც გაიძვერა მატყუარები, რომლებმაც ეს შუშა დააყენეს. და შუშის ჭერის ქვეშ, ქალები ვართ და ბევრი ცოდნა და გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ეს რაღაც ხაფანგია, ამიტომ როგორ უნდა მოემზადო, რომ ეს ჭერი გაარღვიო? თანაც შუშის ჭერის ჩამომსხვრევა ხომ საშინელი ფრაზაა. რომელი ნორმალური ადამიანი დაეტაკება თავით შუშის ჭერს?
ამიტომ, მე შუშის ჭერის ნაცვლად, მინდა ვიფიქრო მაღალ ხიდზე. მართლაც საშინელი შეგრძნებაა, როდესაც მაღალი ხიდის დასაწყისში დგახარ. მაგრამ ასევე აღმაფრთოვანებელია, რადგან ზემოდან მშვენიერი ხედია. და კარგი ისაა, რომ არავითარი ხაფანგი აქ არ არის. არავითარი ქალი ან კაცი, რომელიც შუაში იდგებოდა და თოკებს გადაჭრიდა. არც ხვრელი, შუა გზაში, რომ ჩავარდეთ. და თან ყველაზე კარგი ისაა, რომ შეგიძლიათ, ვინც გინდათ, ის წაიყვანოთ თან. წაიყვანოთ თქვენი ქმარი, მეგობრები, კოლეგები, ძიძაც კი, სასეირნოდ მაინც. და ქმრებს შეუძლიათ ცოლები გადაათრიონ, თუ ცოლები ამისთვის მზად არ არიან. მაგრამ მთავარი აზრი ამ მაღალი ხიდის ისაა, რომ უნდა გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, და იცოდეთ, რომ თქვენ დამსახურებულად ხართ ამ ხიდზე. რომ თქვენ გაქვთ ყველა ის უნარი და გამოცდილება, რომელიც მაღალი ხიდის გადასალახად გჭირდებათ. თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ, გადადგათ პირველი ნაბიჯები.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ჰანა როსინი გვიზიარებს საოცარ ახალ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქალები მამაკაცებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა, მაგალითად უმაღლესი განათლების მიღება, უსწრებენ მამაკაცებს. საინტერესოა, ნიშნავს კი ეს ტენდენცია - როგორც ამერიკაში, ისე გლობალურად, ”მამაკაცთა ერის დასასრულს”? ალბათ არა, მაგრამ ცხადია, ის მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებებზე საზოგადოებაში, რაც განხილვის ღირსია.
Hanna Rosin isn’t afraid to shine a skeptical spotlight on people’s cherished ideals, whether it’s politically correct dogma or the conservative Christian agenda. Full bio »
Translated into Georgian by Salome Tsereteli-Stephens
Reviewed by Michael Kaulashvili
Comments? Please email the translators above.
09:45 Posted: Dec 2010
Views 286,965 | Comments 203
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.