დღეს ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რომელსაც ჩემი წიგნი ეხება და რომელიც, იმედი მაქვს, უკავშირდება იმას, რაც აქამდე გაგიგიათ. გარკვეულ კავშირებს მე თვითონ აღვნიშნავ, თქვენ რომ არ გამოგრჩეთ ეს მომენტები. საუბარი მინდა, დავიწყო ე.წ. ”ოფიციალური დოგმით”. რომელი ოფიციალური დოგმით? მთლიანად დასავლური საზოგადოების ოფიციალური დოგმით. ეს ოფიციალური დოგმა შემდეგნაირად ჟღერს: თუ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მოქალაქეების კეთილდღეობის მაქსიმიზაციით, ამისთვის უნდა მაქსიმუმამდე გავზარდოთ ინდივიდუალური თავისუფლება. ეს იმით აიხსნება, რომ თავისუფლება თავისთავად კარგია, ღირებული, სასარგებლო და არსებითიც კი. რადგანაც თუ ადამიანი თავისუფალია, იგი თავისი სურვილისამებრ იქცევა და აკეთებს იმას, რაც მის კეთილდღეობას გაზრდის. მის ნაცვლად არავინ იღებს გადაწყვეტილებას. თავისუფლების მაქსიმუმამდე გაზრდა შესაძლებელია არჩევანის გაზრდის საფუძველზე.
რაც მეტი არჩევანი აქვთ ადამინებს, მით მეტად თავისუფალნი არიან და რაც მეტი თავისუფლება აქვთ, მით უფრო დიდია მათი კეთილდღეობა.
ჩემი აზრით, ეს იმდენად გამჯდარია ხალხში, რომ აზრადაც არავის მოუვა დაეჭვება. ეს ასევე ძალიან გამჯდარია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამედროვე პროგრესის მიერ გაზრდილი შესაძლებლობების რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. ეს ჩემი სუპერმარკეტია, არც ისე დიდი. უბრალოდ მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა სალათის საკმაზზე. ჩემს სუპერმარკეტში 175 დასახელების სალათის საკმაზია, თუ არ ჩავთვლით ზეითუნის ზეთის 10 სხვადასხვა სახეობასა და 12 დასახელების ძმარს, რომელიც შეგიძლია შეიძინო და თავად დაამზადო სალათის საკმაზის კიდევ უფრო მეტი სახეობა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული 175 დასახელების საკმაზიდან არც ერთი მოგწონს. აი როგორია სუპერმარკეტი. შემდეგ გადადიხარ ელეტქროტექნიკის მაღაზიაში სტერეო სისტემის შესაძენად: დინამიკები, CD-პლეერი, მაგნიტოფონი, რადიო, ხმის გამაძლიერებელი. ელექტროტეკნიკის ამ ერთ მაღაზიაში იმდენად ბევრი სტერეო სისტემაა, რომ შეიძლება, აიწყოს 6.5 მილიონი სხვადასხვანაირი სტერეო სისტემა იმ კომპონენტებისაგან, რომელსაც ეს ერთი მაღაზია გვთავაზობს.
დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდი არჩევანია. სხვა სფეროებში, მაგალითად, კომუნიკაციებში, იყო დრო, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა შეგეძლო ყველანაირი სასურველი სატელეფონო მომსახურების მიღება, მხოლოდ Ma Bell-ისგან. ტელეფონს ქირაობდი, არ ყიდულობდი. ამის ერთ-ერთი შედეგი კი ის იყო, რომ ტელეფონი არასდროს ფუჭდებოდა. ის დღეები წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენ ტელეფონების თითქმის შეუზღუდავი არჩევანი გვაქვს, განსაკუთრებით მობილური ტელეფონების სამყაროში. ეს მომავლის მობილური ტელეფონებია. ყველაზე ძალიან შუა მომწონს, MP3 პლეერი, ცხვირის პინცეტი და კრემ ბრულეს შესაბრაწი. და თუ რატომღაც ის ჯერ არ გინახავთ თქვენს მაღაზიაში, ნუ იღელვებთ, გარწმუნებთ, რომ მალე ნახავთ. ეს იმას იწვევს, რომ ადამიანები მიდიან მაღაზიაში და კითხულობენ ასეთ ტელეფონებს. და იცით რა პასუხს ღებულობენ? ”არას”. შეუძლებელია იყიდო ტელეფონი, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია არ აქვს.
ასევეა ცხოვრების სხვა ასპექტებში, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნივთების შეძენა. არჩევანის გაკეთება აქაც რთულია. ჯანდაცვა -- ამ მხრივ ამერიკაში სიტუაცია შეიცვალა. თუ ადრე მიდიოდი ექიმთან და ექიმი გეუბნებოდა, რა უნდა გაგეკეთებინა, დღეს მიდიხარ ექიმთან და იგი გეუბნება: არსებობს ვარიანტი A და ვარიანტი B. A-ს აქვს თავისი დადებითი მხარეები და რისკები, B-ს კი -- თავისი დადებითი მხარეები და რისკები. რისი გაკეთება გსურთ? თქვენ პასუხობთ: ექიმო, როგორ მოვიქცე? ექიმი კი იგივეს იმეორებს: A-ს აქვს ეს დადებითი მხარეები და რისკები და B-ს -- ეს დადებითი მხარეები და რისკები. რისი გაკეთება გსურთ? თქვენ ეუბნებით: ექიმო, ჩემს ადგილზე თქვენ რას იზამდით? ექიმი კი გპასუხობთ: მე თქვენს ადგილას არ ვარ. ამის შედეგია ე.წ. ”პაციენტის ავტონომია”, რომელიც თითქოს კარგად ჟღერს. მაგრამ სინამდვილეში ეს არის გადაწყვეტილების მიღების ტვირთისა და პასუხისმგებლობის გადატანა იმ ადამიანიდან, ვინც რაღაც იცის ანუ ექიმიდან იმ ადამიანზე, რომელმაც არაფერი იცის, ალბათ, ავადაცაა და, შესაბამისად, არც თუ კარგ ფორმაში, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს –– ანუ პაციენტზე.
უზარმაზარი რაოდენობის წამალს უკეთდება დიდი რეკლამა ისეთი ხალხისთვის, როგორებიც მე და თქვენ ვართ, რასაც, თუ დაუკვირდები, აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ მათ ექიმის დანიშნულების გარეშე მაინც ვერ ვიყიდით. მაშ, რატომ უკეთებენ ამხელა რეკლამას? ამაზე პასუხი ისაა, რომ ისინი ჩვენგან მოელიან, რომ დავრეკავთ ჩვენს ექიმებთან შემდეგ დილას და ვთხოვთ დანიშნული წამლების შეცვლას. დღესდღეობით ადამიანისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რამეც კი, როგორიცაა იდენტობა, არჩევანის საგანი გახდა. ეს სლაიდი ამის საჩვენებლადაა განკუთვნილი. ჩვენ იდენტობას მემკვიდრეობით აღარ ვიღებთ, შეგვიძლია, შევქმნათ ის. შეგვიძლია, გარდავქმნათ ჩვენი თავი, რამდენჯერაც მოგვინდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დილით, როდესაც იღვიძებ, უნდა გადაწყვიტო, როგორი ადამიანი გინდა, რომ იყო. რაც შეეხება ქორწინებას და ოჯახს, იყო დრო, როცა თითქმის ყველას ჩაბეჭდილი ჰქონდა მოსაზრება, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაქორწინებულიყავი და შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა გყოლოდა შვილები. ერთადერთი ნამდვილი არჩევანი იყო ვისზე და არა როდის, ან რას გააკეთებდი შემდეგ.
ახლა ყველაფერი არჩევანზეა დამოკიდებული. მე ვასწავლი ძალიან ჭკვიან სტუდენტებს, მაგრამ ახლა ვაძლევ 20 პროცენტით ნაკლებ დავალებას, ვიდრე ადრე. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ისინი ნაკლებად გონებაგახსნილები არიან ან ნაკლებად ბეჯითები, არამედ იმიტომ, რომ მუდმივად იმით არიან დაკავებულნი, რომ ეკითხებიან საკუთარ თავს: "დავქორწინდე თუ არა? ახლა დავქორწინდე? მოგვიანებით დავქორწინდე? ჯერ შვილები თუ ჯერ კარიერა?" ეს კითხვები ძალიან დამღლელია, მაგრამ მათ უნდა გასცენ ამ კითხვებს პასუხი მიუხედავად იმისა, გააკეთებენ თუ არა ჩემს დავალებას და მიიღებენ თუ არა კარგ ნიშანს ჩემს საგანში. მართლაც რომ ასე უნდა მოიქცნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია. მუშაობა -- ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა, როგორც კარლმა აღნიშნა, რადგანაც გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ყოველი დღის ყოველ წუთს ნებისმიერი ადგილიდან დედამიწის ზურგზე, სასტუმრო რანდოლფის გამოკლებით, რაღა თქმა უნდა.
სხვათა შორის, არის აქაც ერთი კუთხე, რომლის გამხელასაც სულაც არ ვაპირებ, სადაც WiFi მუშაობს. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მე თვითონ მინდა მისი გამოყენება. მაშასადამე, მუშაობასთან დაკავშირებული არჩევანის უდიდესი თავისუფლება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ისევ და ისევ იმის შესახებ, საერთოდ უნდა ვიმუშაოთ თუ არა. შეგვიძლია, წავიდეთ და ვუყუროთ ჩვენი შვილის ფეხბურთის თამაშს. მობილური ერთ ჯიბეში გვიდევს, Blackberry მეორე ჯიბეში, ლეპტოპი, სავარაუდოდ, მუხლებზე გვიდევს და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველაფერი გამორთულია, ყოველ წუთს, როდესაც ვუყურებთ ჩვენი შვილის მცდელობას, ითამაშოს ფეხბურთი, ამავდროულად ვეკითხებით საკუთარ თავს: ვუპასუხო ამ ზარს? ვუპასუხო ამ e-mail-ს? დავიწყო ამ წერილის მონახაზის გაკეთება? და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პასუხი ამ კითხვებზე უარყოფითია, ეს ნამდვილად შეცვლის თქვენი შვილის ფეხბურთის თამაშზე დასწრებისას მიღებულ შთაბეჭდილებას. ანუ სადაც უნდა გავიხედოთ, დიდი თუ პატარა საკითხები, მატერიალური თუ ცხოვრებისეული საკითხები, ცხოვრება თვითონაა არჩევანი. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდით, ასე გამოიყურებოდა. იმის თქმა მინდა, რომ არჩევანი იყო, მაგრამ ყველაფრის არჩევანი არ არსებობდა. ის სამყარო კი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ასე გამოიყურება. საკითხავია, კარგია ეს თუ ცუდი? პასუხია ”კი”.
ჩვენ ყველამ ვიცით ამის დადებითი მხარეები, ამიტომაც ვილაპარაკებ უარყოფით მხარეზე. არჩევანის სიმრავლეს ორი შედეგი აქვს, ორი უარყოფითი ეფექტი ადამიანებზე. ერთი შედეგი, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ისაა, რომ ის უფრო ბოჭავს, ვიდრე ათავისუფლებს. როცა ამდენად დიდია არჩევანი, ხალხს, პირიქით, საერთოდ უჭირს არჩევანის გაკეთება. ამის ერთ ნათელ მაგალითს მოგიყვანთ. კვლევა, რომელიც ეხება ინვესტიციებს საპენსიო გეგმებისთვის. ჩემმა კოლეგამ შეისწავლა ინვესტიციების ჩანაწერები Vanguard-ში, ესაა გიგანტური საპენსიო ფონდი, რომელსაც დაახლოებით მილიონი თანამშრომელი ჰყავს და აქვს 2000 ფილიალი სხვადასხვა ადგილას. მან აღმოაჩინა, რომ დამსაქმებლის მიერ ყოველი 10 სხვადასხვა ტიპის საპენსიო ფონდის შემოთავაზებას მოჰყვება ორი პროცენტით ნაკლები ადამიანების მონაწილეობა. სთავაზობთ 50 ტიპის ფონდს და 10 პროცენტით ნაკლები თანამშრომელი იღებს შემოთავაზებას, ვიდრე ხუთი ტიპის ფონდის შემოთავაზებისას. რატომ? იმიტომ, რომ 50 ტიპის საპენსიო ფონდიდან იმდენად რთულია, გადაწყვიტო, თუ რომელი ფონდი აირჩიო, რომ უბრალოდ ხვალინდელი დღისთვის გადადებ ამ გადაწყვეტილებას. შემდეგ ისევ ხვალინდელი დღისთვის, ისევ და ისევ ხვალისთვის და, რაღა თქმა უნდა, ეს ხვალე არასდროს დგება. დაუკვირდით. ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი პენსიაზე გასვლის შემდეგ ძაღლის საჭმელს შეჭამს, რადგანაც საკმარის ფულს ვერ ინახავს სამომავლოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება იმდენად რთულია, რომ ისინი დამსაქმებელს გარკვეულ თანხაზე ეუბნებიან უარს. თუ შემოთავაზებას არ მიიღებენ, წელიწადში ხუთი ათას დოლარზე ამბობენ უარს თავიანთი დამსაქმებლისგან, რომელიც სიამოვნებით შეავსებდა მათ დანაზოგს. მაშასადამე, დიდ არჩევანს შედეგად პარალიზება მოჰყვება. ეს სწორედ ასეთ სახეს აძლევს სამყაროს.
ნამდვილად სწორი არჩევანის გაკეთება გსურთ, როცა იგი სამუდამოა. ხომ ასეა? თქვენ სულაც არ გინდათ, შეცდეთ საპენსიო ფონდის ან თუნდაც სალათის საკმაზის არჩევანში. ეს ერთი ეფექტი. მეორე ეფექტი ისაა, რომ მაშინაც კი, თუ შევძლებთ შებოჭილობის დაძლევას და არჩევანს გავაკეთებთ, საბოლოო ჯამში მაინც იმაზე ნაკლებად კმაყოფილები ვიქნებით ამ არჩევანის შედეგით, ვიდრე ნაკლები არჩევანის შემთხვევაში ვიქნებოდით. ამის მიზეზი რამდენიმეა. ერთ-ერთი ისაა, რომ როცა სალათის ბევრი სხვადასხვა საკმაზიდან ირჩევ და ყიდულობ ერთს და ის არ არის სრულყოფილი -- ხომ იცით სალათის საკმაზი როგორიცაა, ადვილად წარმოიდგენთ, რომ შეგეძლოთ სხვა აგერჩიათ და ის უკეთესი იქნებოდა. და აი, რა ხდება. ეს წარმოსახვითი ალტერნატივა გიბიძგებთ იმისკენ, რომ ინანოთ თქვენი გადაწყვეტილება და ეს სინანული ამცირებს იმ კმაყოფილებას, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებიდან იღებთ, თუნდაც თქვენი გადაწყვეტილება კარგი ყოფილიყო. რაც უფრო დიდია არჩევანი, მით უფრო ადვილია, გული დაგწყდეს შენს არჩევანზე.
მეორე, რასაც ეკონომისტები ალტერნატიულ ხარჯს უწოდებენ. დენ გილბერტმა მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა ამ დილით, როცა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული შეფასების კრიტერიუმები იმაზე, თუ რასთან ვადარებთ მათ. როცა ბევრი ალტერნატივაა გასათვალისწინებელი, გახსენდება ყველა ის მიმზიდველი თვისება, რაც თქვენს მიერ დაწუნებულ ალტერნატივას აქვს. ეს კი ამცირებს თქვენს კმაყოფილებას იმ ალტერნატივით, რომელიც აირჩიეთ. აი, მაგალითი. ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც ნიუ იორკში არ ცხოვრობს.
მაგრამ აი, რას უნდა ფიქრობდეთ თქვენ. აი, წყვილი ჰემპტონზე, ძალიან ძვირფას სახლში. არაჩვეულებრივ სანაპიროზე. მშვენიერი დღეა და ყველა ეს სიკეთე მხოლოდ მათთვისაა. რა შეიძლება, ამაზე უკეთესი იყოს? ”ჯანდაბა,” ფიქრობს კაცი. ”ახლა აგვისტოა და მთელი ჩემი მანჰეტენის სამეზობლო ქალაქგარეთაა. შემეძლო, ზუსტად ჩემი სახლის წინ გამეჩერებინა მანქანა.” მთელი ორი კვირის განმავლობაში მას ის აზრი აწვალებს, რომ ყოველდღიურად ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, გამოიყენოს მანქანის გასაჩერებელი ადგილი. ალტერნატიული ხარჯი აკლდება იმ კმაყოფილებას, რასაც ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისგან ვიღებთ მაშინაც კი, როცა ჩვენი არჩევანი წარმოუდგენლად კარგია. ჰოდა, რაც უფრო დიდია არჩევანი, მით მეტი მიმზიდველი თვისება აღიქმება ჩვენს მიერ, როგორც ალტერნატიული ხარჯი. აი, მეორე მაგალითიც. ამ ნახატიდან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ეს დასკვნები აწმყოთი ცხოვრებასაც ეხება და, ალბათ, იმასაც, რომ ყველაფერი ნელა აკეთოთ. მაგრამ ერთ-ერთი დასკვნა ის იქნება, რომ როცა ერთი რამის კეთებას ირჩევთ, თქვენ ამით უარს ამბობთ სხვა რაღაცების კეთებაზე. იმ სხვა საქმიანობებს შეიძლება ბევრი მიმზიდველი თვისება ჰქონდეს, ეს კი ხიბლს უკარგავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
მესამე: მოლოდინის გაზრდა. ამას მაშინ მივხვდი, ახალი ჯინსების საყიდლად რომ წავედი. ჯინსებს თითქმის ყოველდღიურად ვხმარობ. იყო დრო, როცა მხოლოდ ერთი სტილის ჯინსი იყიდებოდა, რომ იყიდიდი, საერთოდ არ გერგებოდა და სასწაულად მოუხერხებელი იყო. თუ საკმარისად დიდხანს გეცვა და ხშირად რეცხავდი, უკეთესად დგებოდა ტანზე. ასე რომ, წავედი ახალი ჯინსის შარვლის საყიდლად, რადგან წლების მანძილზე ერთი ძველი ჯინსი მეცვა. მივედი მაღაზიაში და გამყიდველს ვუთხარი: ”ჯინსის შარვალი მინდა. ესაა ჩემი ზომა.” გამყიდველმა მიპასუხა: ”ვიწრო შარვალი გსურთ, თავისუფალი თუ ცოტა მოშვებული? ღილებიანი გნებავთ თუ ელვიანი? გახეხილი ჯინსი გინდათ თუ მოხარშული? იქნებ ისეთი, გაცვეთილივით რომ გამოიყურება? ქვემოთ გაშვებული გინდათ თუ დაბალწელიანი? ბლა ბლა ბლა ...” არ გაჩერებულა. ყბა ჩამომივარდა და, როცა გონს მოვედი, ვუთხარი: ”აი, ისეთი მინდა, ადრე რომ იყიდებოდა, მარტო ერთი სახის.”
მან საერთოდ არ იცოდა, როგორი იყო ის. ასე რომ, ერთ საათს ვიზომავდი სხვადასხვა ჯინსებს, მაღაზიიდან გამოვედი (რაც მართალია, მართალია) ყველაზე კარგი ჯინსებით, რაც კი ოდესმე მქონია. უკეთ გავართვი თავი. არჩევანის მრავალფეროვნებამ საშუალება მომცა უკეთესი ჯინსები მეყიდა, მაგრამ თავი უარესად ვიგრძენი. რატომ? მთელი წიგნი დავწერე იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის ეს ამეხსნა. მიზეზი, რატომაც თავი უარესად ვიგრძენი ისაა, რომ ასეთმა მრავალფეროვანმა არჩევანმა გაზარდა ჩემი მოლოდინი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჯინსის შარვალი. ადრე ძალიან დაბალი მოთხოვნები მქონდა. განსაკუთრებულს არაფერს ველოდი, როცა მაღაზიაში მხოლოდ ერთი სტილის ჯინსი იყიდებოდა. ხოლო როცა 100 სხვადასხვა სტილის ჯინსი გამოჩნდა, ჯანდაბას, ერთი ხომ მაინც უნდა ყოფილიყო იდეალური. ჩემი ნაყიდი შარვალი კარგი იყო, მაგრამ არა იდეალური. ის, რაც ვიყიდე, შევადარე იმას, რასაც მოველოდი, და იმედი გამიცრუვდა. არჩევანის გაზრდა ხალხის ცხოვრებაში უნებლიეთ იწვევს ხალხის მოლოდინის გაზრდასაც იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგი იქნება არჩევანი. ეს კი შეამცირებს შედეგით კმაყოფილებას მაშინაც კი, როცა შედეგი კარგია. მარკეტინგის სამყაროში ეს არავინ იცის. რომ სცოდნოდათ, თქვენ ვერაფერს შეიტყობდით ამის შესახებ. რეალობა უფრო ასეთია.
მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო ყველაფერი უკეთესად მაშინ, როცა ყველაფერი უარესად იყო ისაა, რომ როცა ყველაფერი უარესად იყო, ადამიანებს შეეძლოთ, სასიამოვნო სიურპრიზები განეცადათ. დღესდღეობით რა სამყაროშიც ვცხოვრობთ -- ჩვენ, შეძლებული, განვითარებული მოქალაქეები იდეალური მოლოდინით -- საუკეთესო შემთხვევაში იმის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ყველაფერი ისეთივე კარგი იქნება, როგორსაც ელოდი. არასდროს იქნები სასიამოვნოდ გაკვირვებული, რადგანაც შენი მოლოდინი, ჩემი მოლოდინი, გასცდა ყველანაირ საზღვრებს. ბედნიერების საიდუმლო -- რის გასაგებადაც მოხვედით ყველანი აქ -- ბედნიერების საიდუმლო არის ნაკლები მოლოდინი.
მინდა, გითხრათ (პატარა ავტობიოგრაფიული მომენტი), რომ მე მყავს ცოლი და ის მართლაც მშვენიერია. უკეთეს არჩევანს ვერც გავაკეთებდი. მაგრამ იდეალურის ძიების შეწყვეტა ყოველთვის არ არის ცუდი. და ბოლოს, ცუდად მორგებული ჯინსის ყიდვის ერთ-ერთი შედეგი მაშინ, როდესაც მარტო ერთის ყიდვაა შესაძლებელი, ისიცაა, რომ როცა უკმაყოფილო თქვენს საკუთარ თავს ჰკითხავთ: რატომ? ვინ არის პასუხისმგებელი? პასუხი გასაგებია. მსოფლიოა პასუხისმგებელი. თქვენ რისი გაკეთება შეგეძლოთ? მაგრამ როდესაც ასობით განსხვავებული სტილის ჯინსის ყიდვაა შესაძლებელი, თქვენ კი ისეთს იყიდით, რომელიც მოგვიანებით იმედს გაგიცრუებთ და თქვენს თავს ჰკითხავთ: რატომ? ვინ არის პასუხისმგებელი? ასევე გასაგებია, რომ ამ კითხვაზე პასუხი თქვენ ხართ. უკეთესადაც შეგეძლოთ. როდესაც ასი განსხვავებული ტიპის ჯინსის არჩევანი გაქვს, ცუდ არჩევანს გამართლება არ აქვს. ასე რომ, როდესაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ, მაშინაც კი, როცა ამ გადაწყვეტილებას კარგი შედეგი მოჰყვება, ისინი მაინც იმედგაცრუებულნი რჩებიან, საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
კლინიკურმა დეპრესიამ იფეთქა ინდუსტრიული სამყაროს ბოლო თაობაში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი, არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ამ დეპრესიის აფეთქებაში, ასევე თვითმკვლელობაში მიუძღვის სწორედ იმას, რომ ადამიანები განიცდიან იმედგაცრუებას, რადგანაც ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ. შემდეგ კი, როდესაც საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს აანალიზებენ, ფიქრობენ, რომ შეცდნენ. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ობიექტურად ჩვენ უფრო სწორედ ვმოქმედებთ, მაგრამ თავს უარესად ვგრძნობთ. ნება მომეცით, შეგახსენოთ, ეს ოფიციალური დოგმაა, რომელიც ყველას მართალი გვგონია, მაგრამ სინამდვილეში მცდარია. იგი არ შეესაბამება სიმართლეს. უდავოდ, გარკვეული არჩევანის ქონა ჯობია არანაირ არჩევანს, მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ დიდი არჩევანის ქონა სჯობს გარკვეული არჩევანის ქონას. არსებობს რაღაც მაგიური რაოდენობა. მე არ ვიცი რამდენია ეს. საკმაოდ დარწმუნებული კი ვარ, რომ დიდი ხანია იმ ზღვარს გადავცდით, როცა დიდი არჩევანი აუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას.
კანონის დონეზე -- თითქმის დავამთავრე -- კანონის დონეზე, შემდეგ საკითხზე უნდა დავფიქრდეთ. ინდუსტრიულ საზოგადოებებში ყველა ამ არჩევანის არსებობას განაპირობებს მატერიალური სიმდიდრე. სამყაროში ბევრი ადგილია, ჩვენ რამდენიმე მათგანის შესახებ გვსმენია, სადაც პრობლემა ის კი არაა, რომ მათ ზედმეტად დიდი არჩევანი აქვთ, არამედ ის, რომ მათი არჩევანი ძალიან მცირეა. ასე რომ, მე ვლაპარაკობ სპეციფიკურ პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე, მდიდარ დასავლურ საზოგადოებებს ახასიათებთ. გასაბრაზებელი და ნერვებისმომშლელი კი შემდეგია: სტივ ლევიტი გესაუბრებოდათ გუშინ იმაზე, თუ რამდენად გამოუსადეგარია ეს ძვირი და ძნელად დასამაგრებელი საბავშვო სკამები. უბრალოდ ფულის გადაყრაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს ძვირი, რთული არჩევანია და უბრალოდ გამოუსადეგარია. უფრო მეტიც, ისინი მავნეა. ისინი ჩვენს მდგომარეობას აუარესებენ.
თუ ნაწილი იმ შესაძლებლობებისა, რომელიც ყველა ადამიანებს არჩევანს აკეთებინებს ჩვენს საზოგადოებაში, გადაინაცვლებს იმ საზოგადოებებში, სადაც ადამიანებს ძალიან პატარა არჩევანის საშუალება აქვთ, არა მხოლოდ ამ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდება, არამედ ჩვენიც. ამას ეკონომისტები პარეტო-გაუმჯობესებას ეძახიან. შემოსავლის გადანაწილება ყველას მდგომარეობას გააუმჯობესებს -- არა მხოლოდ ღარიბი ხალხის -- იმის გამო, რომ გადაჭარბებულ არჩევანს კარგი არაფერი მოაქვს ჩვენთვის. რომ შევაჯამო, თქვენ უნდა განმარტოთ ეს ნახატი და, როგორც გამოცდილმა ადამიანმა, თქვათ, ”ეჰ! რა იცის ამ თევზმა? ამ აკვარიუმში არაფერია შესაძლებელი.” გაღარიბებული ფანტაზია, სამყაროს არაშორსმჭვრეტელური ხედვა -- ასე განვმარტე თავიდან მეც. თუმცა, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ თევზმა რაღაც ნამდვილად იცის იმიტომ, რომ სინამდვილეში თუ გატეხავ აკვარიუმს იმისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელი გახადო თევზისთვის, თავისუფლებას კი არ მოუტან მას, არამედ მის სრულ პარალიზებას მოახდენ. თუ გატეხავ აკვარიუმს იმისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელი გახდეს თევზისთვის, შენ ამცირებ მის კმაყოფილებას. ახდენ პარალიზებას და ამცირებ კმაყოფილებას. ყველას სჭირდება აკვარიუმი. ეს კონკრეტული აკვარიუმი მართლაც ძალიან შეზღუდულია -- თევზისთვისაც კი, ჩვენთვის ხომ ნამდვილად. თუმცა, გარკვეული მეტაფორული აკვარიუმის არარსებობა უბედურების რეცეპტია სწორედ, და, ჩემი აზრით, კატასტროფის ტოლფასია. ძალიან დიდი მადლობა.
You can share this video by copying this HTML to your clipboard and pasting into your blog or web page. This video will play with subtitles.
You either have JavaScript turned off or have an old version of the Adobe Flash Player. To view this rating widget you
need to get the latest Flash player.
If your browser allows only "trusted sites" to execute Javascript, you should add the "googleapis.com" domain to your whitelist to allow our Flash detection to work properly.
Got an idea, question, or debate inspired by this talk? Start a TED Conversation.
ფსიქოლოგი ბარი შვარცი მიზანში იღებს დასავლური საზოგადოების ძირითად პრინციპს, არჩევანის თავისუფლებას. შვარცის შეფასებით, არჩევანის სიმრავლემ ხალხი კი არ გაათავისუფლა, არამედ შებოჭა, კი არ გააბედნიერა, არამედ უფრო უკმაყოფილო გახადა.
Barry Schwartz studies the link between economics and psychology, offering startling insights into modern life. Lately, working with Ken Sharpe, he's studying wisdom. Full bio »
Translated into Georgian by Tiko Ambroladze
Reviewed by Zakaria Babutsidze
Comments? Please email the translators above.
21:16 Posted: Sep 2006
Views 5,102,757 | Comments 717
23:42 Posted: Jul 2008
Views 1,508,682 | Comments 160
19:15 Posted: Feb 2007
Views 815,535 | Comments 154
Just follow the guidelines outlined under our Creative Commons license.
This comment will be attributed to . Not ? Sign Out.